როშკის მთავარანგელოზის ჯვარი

მთავარანგელოზის ჯვარი არის გაღმ როშკაში პირველი როშკის მოსახლეობა სწორედ მანდ ცხოვრობდა. ადრე ციხეც ყოფილა შემორჩენიალია ნანგრევები შემდეგ დღევნდელ ადგილას გადმოსახლებულან.
მთავარანგელოზის ჯვარში წელიწადში რამდენჯერმე მიდიოდნენ. ახალ წელზე, ძველწელზე, ათენგენას და აღ"ჴ"სვებას ანუ აღდგომას. წლიდან წლამდე ყველა დღესასწაულზე ერთი ოჯახი ადუღებდა ლუდს. მეორე წლიდან სხვა ოჯახი და ასე მორიგეობით. ეს არის მხოლოდ წიკლაურების სალოცავი.



გაგა წიკლაური ( როშკა, 1989წ. ათენგენობა)


ფოლკლორისტიკის კათედრის შრომები
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯვარ-ხატთასადიდებლები


ტექსტები შეკრიბეს, შესავალი, ლექსიკონი და
საძიებლები დაურთეს
ზურაბ კიკნაძემ, ხვთისო მამისიმედიშვილმა და ტრისტან მახაურმა


თბილისი

1998


43. სადიდებელი როშკის მთავარანგელოზის ჯვარში
    წინას ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, ბატონო მთავარანგელოზო. შენა სამთავროდ შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე სანთელი, სადიდებელი, შენთ ყმათად როშკიონთად საშველოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი, ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.
    მეორე ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, დიდგორ ვეშაგო გიორგიო და შემდეგი ყველა ზემო თქმული.
    მესამე ჭიქა- ბარზიმზედა შენ გადიდას ღმერთმა, კვირაევ ძალიანო, ანგელოზთ მეუფროსეო.
    მეოთხე ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას ღმერთმა, იახსარ ხთისაგან მხარახსნილო, დევ-დედაბერთ ნაომარო, აბუდელაურ სიმურში ნატყვევარო.
    მეხუთე ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას ღმერთმა, ღუბისთავ სვეტის ანგელოზო.
    მეექვსე ჭიქა-ბარზიმზე შენ გაგიმარჯოს ღმერთმა, გიორგივ მინდორისაო, ალავერდით გამობრძანებულო.
    მეშვიდე ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, როშკისგორ სვეტისა მყოლო ანგელოზო
    მერვეს ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა მარიამწმინდაო, ბედნიერო ადგილის დედაო.
    მეცხრეს ჭიქა-ბარზიმზე თქვენ გადიდნასთ ღმერთმა მთავარანგელოზის ლაშქარნო, ქარჩისკალოს მათამაშენო, მორაზმე მესაათენო.
    მეათეს ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას ღმერთმა, გიორგი ნაღვარშვენიერო, ნაღვარევ მობურთვალო, ხელო სამძიმარო, იმის მოდე-მომხრენო, ხმელეთზე ხმის გამტეხო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო, ქაჯავეთის გამტეხო, დიდოეთის გამბეგრაო. მარიგის ხთისაგან მალოცვილი გაქვ ცის კიდურშიით შაძახილის გაგონებაი. მეხვეწურის შახვეწებაი, გაჭირვებაში დახმარებაი.
44. სულის ხუცობა (როშკა)
    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა. ღმერთო, უშველი ამ მასპინძელს (სახელი), ჭირის პატრონს, მარხეს ნუღარას დააღირებ. აკმა ზარალ ზარალად, მარცხი ზიან ზიანადა. კლოვ ლხინზე შაუცვალი ეს ტაბლაიცა-დ ლხინის მაკეთე-მამკითხავ უდინი დღეს ამას იქით. ღმერთო, უშველ ამ მასულ-მაწეულ ხალხსაცა-დ მარხეზეთ ნუღარაზე ვის დაჟჯი, დახარჯავ კლოვ ლხინზე ადინენ ამ სახლშიაცა-დ შინაც ლხინ მიეც.
    სულთა გვიწყალენ, გვაკურთხენ, კურთხევითა მაღლისა ხთისითა, გვიწყალნეს ჩვენ დიდისა წყალობითა, მრავლითა მოწყალებითა, მრავლითა მოწყალისითა, ვარა დღე, ვახარე ვარა დღესა ამას სულისასა, უხარწერი ესე წვრილ იყვა რომენმა შახკაფე ჯოჯოხეთი ძალითა და შაძლებითა მყოლის მამისითა ჯვარისა წმიდისითა. სულნი ნათლად გამაასხენ, და შაასხენ წრიაღსა რომენსა აბრამისასა, წმიდანო ანგელოზნო სულთმბოკვარნო სულთა მაყარნო, დიაკონო, ქორო პირველო, იორდანეს წყალზე გარდმანახდებოდა ნათელი ნაკურთხეველსა, კურთხეულიმც ხარ შენ, უფალო ჩვენთაო, ქებულო და დიდებულო მამათაგან ჩვენთა, დიდებაო, დიდება ამაღლებულო, ჩვენ ქებით შავსწირავთ ზღვენთა დიდებისათა, შავსწირავთ ანგელოზთა სალსა გალობასა, შენ უთხარ იერუმსალეთისაო, შენ იყავ იერუმსალეთს ნატრულო სტეფანო სანატრელო, ხთისაო გვირგვინ და მოსთილო. ქრისტეს წამებულო. რომენთა მუცელთა ქალწულისათა შახკაფენ ცანი ანგელოზთანა. ხოყანანი ქრისტე პატიოსანი, ნება იყო უფალო არცა ძალია, ხსენება განისვენება იყო, ვისადაც სანთელ ენთების, ტაბლა ეგების, სულწმიდა მაიხსენების, სულსამც შენს მაეხმარების, დადგმულ ტაბლა, კოდი, სანთელი, დადგმულნი თასნი, ავსებულნ ყანწნი, ჭურჭელი. შენსამც სულს ანათებს, ანათლიერებს, აიაღებს, ცოდვასამც გხდის, მსჯელსა მჯავრესამც გარიდებს, სამძიმარსამც გიზუბუქებს, ცოდვანიმც შაგენდობიან ენით ნათქვამი, ხელით ნაქნარი, წინ მაგებებულ, უკან მაწეული, ყურით განაგონარი. სიკვდილის დღეს დამწყვდეულს თვალით ნახული- დ ვერ დამალული შენისამც ცოდვილის მხდელი, ცოდვისამც მადლად მქონელი, თუ რა სულმკვდარ გაწუხებდასთ, შანდობას გველოდდას, ჩვენ ვერ ვგონობდათ, თქვენითამც ნებით დაიწევთ ტაბლაზე, ძალითამც ნუ ვინ გამაგეკიდებისთ. ცოტაიმც დიდად გეჩვენებისთ, რიოშიმც წმიდად გეჩვენებისთ, ფერუქცევლად, წაუქცევლად ეემ სინათლით თქვენამც ხხმარობთ. გარგასთ, შაგინდნასთ ღმერთმ მრავალთა მაწყალება. მასპინძელს ბარაქასამც აძლევთ, ავსა მარხესამც ნუღარას მახკერძებთ.
    შაუნდნას მაახმარას ღმერთმა ქრისტიანობის გამჩენმ – იტყვიან ყველანი.

    მასპინძელს დალოცავენ: აგაშენასთ ღმერთმ (მასპინძლის სახელი) ბარაქა მაგცასთ, მშვიდობით გამყოფნასთ. მარხეი-დ ავ ნუღარა მაგცასთ, ნუღარა დაგაღირასთ, ლხინზე შაგიცვალასთ ეს ტაბლაიცა-დ მაკეთე მამკითხავიც. თქვენ ავზედად ურიგოზე ნუღარა-ვინ გაგსაჯნასთ დაგხარჯნასთ, ლხინზე გადინნასთ დღეს ამას იქით, მაკეთისაცა-დ შინაც ლხინ მაგცასთ. შაუნდნას ვისადაც ილოცების კი, მაახმარას (ყველან დაილოცებიანა-დ შასმენ).

No comments:

Post a Comment